საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალი თოქშოუების პროექტებს განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალი თოქშოუების პროექტებს განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამ წუთებში ახალი თოქშოუების პროექტებს განიხილავს. პროექტების ნუსხა სამეურვეო საბჭოს მენეჯმენტმა მიაწოდა. როგორც სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომისას გახდა ცნობილი, გადაწყვეტილია სამი თოქშოუს გაშვება, რომელთაც ნანა ლეჯავა, ეკა ბერიძე და ეკა მიშველაძე წაიყვანენ. თუმცა, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულების, თამაზ ტყემალაძის განმარტებით, ეკა ბერიძესთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი. 

ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილის მხრიდან პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ნანა ლეჟავა მოიაზრება ერთ-ერთი თოქშოუს წამყვანად, რომელიც საგამოძიებო თემატიკას შეეხება. სამეურვეო საბჭოს წევრმა გიორგი მელაძემ ნანა ლეჟავას არაეთიკურობაში დასდო ბრალი. საბჭოს რამდენიმე წევრმა კი აღნიშნა, რომ ნანა ლეჟავა მუშაობდა ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაზე, ამიტომ ამ გადაცემის წაყვანასთან მიმართებაში მისი ობიექტურობა საეჭვოა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ ის და მენეჯმენტი მთლიანად დარწმუნებულია ნანა ლეჟავას ობიექტურობაში და "ნან ლეჟავა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ემსახურება".

ეკა მიშველაძემ თავისი გადაცემის გაშვების დღესთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილი იყო, რომ შოუ ეთერში ხუთშაბათ დღეს გავიდოდა, თუმცა დღეს გაიგო, რომ მისი გადაცემა კვირა დღეს გავა. "ჩემთვის საკვირველი იყო ის, რაც სამეურვეო საბჭოს მხრიდან მოვისმინე. მთავარი პოლიტიკური თოქშოუს გაშვება კვირა დღეს არ არის მართებული და ეს აუცილებლად დაუგდებს რეიტინგს. იმედი მაქვს, შევხვდები ყველა კომპეტენტურ პირს და მივიღებთ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მიშველაძემ.