"დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით მასზე დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს"

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, არხზე კრიზისია. 

"დღეს ქართული საზოგადოება იმ მოცემულობის წინაშე დგას, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს. ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს ამ ტელევიზიაში კრიზისია, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პერიპეტიების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი გენერალურმა დირექტორმა დაარღვია რაღაც კანონი და ეს კავშირშია ან ბიუჯეტთან, ან პროგრამების დაგეგმვასთან, მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუმცა ჩვენ ყველამ (რადგან ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია) უნდა ვიცოდეთ, რამდენად ჰქონდა ადგილი ამას, რამდენად დასაბუთებულია ბრალდებები და არსებობს თუ არა მტკიცებულებები. ზოგადად, დღეს იქ მიმდინარე პროცესი ძალიან დახურულია. ჩვენთვისაც ძალიან რთულია გავიგოთ, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. სამეურვეო საბჭოს მთავარი მიზანი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, უნდა ყოფილიყო ის, რომ გაეკეთებინა ყველაფერი, რათა პროგრამები დაწყებულიყო და ტელევიზიას რეალურად ემუშავა. დღეს ეს შეუძლებელია იმის გამო, რომ ტელეკომპანიაში კრიზისია", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის იდეა იყო, ამ თემაზე დისკუსიები პარლამენტში გამართულიყო.

"ჩვენ მოვუწოდეთ კიდეც პარლამენტს, მოეწვიათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ მისგან მიეღო დაწვრილებითი ინფორმაცია. ასევე, სწორედ მისთვის ეკითხათ, რამდენად მოახერხებს სამეურვეო საბჭო კრიზისის გადალახვას. ძალიან ცუდია, რომ ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა", - განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღესაც პოლიტიკური თამაშების ნაწილია.

"სწორედ ამიტომ ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშაა ქართული საზოგადოება, რომელიც ინფორმაციას ვერ იღებს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კრიზისის მოგვარების გზებს, გიგაური მიიჩნევს, რომ ეს ის კითხვაა, რომელიც სამეურვეო საბჭოს უნდა დავუსვათ.

"ჩემთვის დღეს ძალიან რთულია ვთქვა, რა შეიძლება, გაკეთდეს. მთავარია, რომ ყველამ გადაწყვეტილების მიღებამდე იფიქროს იმაზე, თუ რა არის მაუწყებლის უმთავრესი ფუნქცია. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მუშაობა, ეს არის საზოგადოების ძალიან მკაფოდ და მიუკერძოებლად ინფორმირება. როდესაც ამას გაითვალისწინებენ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვესმის ინფორმაციები, რომ კონკრეტული ადამიანები აღარ იქნებიან არხზე და არიან მოწვეული ჟურნალისტები. ამ შემთხვევაში, მე ყველა ამ ჟურნალისტს მივცემდი საშუალებას, რომ ჰქონოდა პლატფორმა და გადაცემა, შემდეგ კი საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს, ვინ არის მიუკერძოებელი და ვინ არა. ესეც შეიძლება, იყოს გამოსავალი. რა თქმა უნდა, იყო კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ კითხვებს ვუერთდებოდით და ვამბობდით, რომ ასეთი პრობლემა არხზე არსებობდა, მაგრამ როცა არჩევნებამდე ორი თვეც აღარ არის დარჩენილი, იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოების ინტერესი სხვა ინტერესებზე წინ დგას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.