ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც 26 მაისის და გირგვლიანის ეპიზოდებს ეხება, პროკურატურამ სასამართლოში საქმის გადადება მოითხოვა

ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც 26 მაისის და გირგვლიანის ეპიზოდებს ეხება, პროკურატურამ სასამართლოში საქმის გადადება მოითხოვა

ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც 26 მაისის და სანდრო გირვლიანის ეპიზოდებს ეხება, პროკურატურამ სასამართლოში საქმის გადადება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფესიბუქში", ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

"დღეს, პროკურატურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ მოითხოვეს 26 მაისის და გირგვლიანის ეპიზოდებზე ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლოში განხილვის გადადება. შეგახსენებთ, რომ ამ საქმეების განხილვა რამდენჯერმე უკვე გადაიდო და უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ოქტომბრის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, პროკურატურა განაგრძობს დროის გაყვანის პოლიტიკას და ამჯერად ითხოვს გირგვლიანის საქმეზე განხილვის ორი თვით, ხოლო 26 მაისის საქმეზე ერთი თვით გადატანას.

მე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს საქმეები აღძრულია ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და მათ დასადასტურებლად პროკურატურას არანაირი ფაქტები არ გააჩნია. პროკურატურის სისუსტე დადასტურდა 12 სექტემბერს ე.წ. "დასაქმების საკითხზე" ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სამეზე დაწყებული სასამართლო განხილვით, სადაც ჩატარებულ ორ პროცესზე პროკურატურის გამოსვლას რთულია მისცე სხვა შეფასება, გარდა სამარცხვინოსი.

სწორედ მსგავსი სამარცხვინო პოზიციით და მტკიცებულებების არქონით არის გამოწვეული პროკურატურის მცდელობა, გაიყვანოს დრო და რაც შეიძლება გააჭიანუროს სასამართლო პროცესის ჩატარება. მოვუწოდებ პროკურატურას, შეეშვას დროის გაყვანის მცდელობას და დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვა, ვინაიდან ის აბსურდული ბრალდებები, რომელთა დამტკიცებაც შეუძლებელია დღეს, ვერ დამტკიცდება ვერც ერთი თუ ორი თვის შემდეგ, ხოლო პროკურატურა თავს უხერხულ მდგომარეობაში იყენებს",-ნათქვამია ვანო მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ წერილში.