საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის შესახებ

გვინდა გამოვეხმაუროთ ხუთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის ხარვეზებით განხორციელების შესახებ და სიცხადე შევიტანოთ აღნიშნულ საკითხში.

კომისიების დაკომპლექტება მოხდა კანონით დადგენილი ვადებისა და წესების დაცვით, მათ შორის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე და დასრულდა 11 სექტემბერს.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არის გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო კომისიების დაკომპლექტების პროცესზე დაკვირვება. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულ შეხვედრებს მართავს პოლიტიკურ პარტიებთან, სხვა ჩართულ მხარეებთან და არც ერთი მხარის მიერ არც ამ შეხვედრებზე, არც სხვა ფორმით ამ დრომდე არ გამოთქმულა შენიშვნა კომისიების დაკომპლექტების პროცესის ხარვეზებით მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აქტიურად ითანამშრომლონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, მიაწოდონ კონკრეტული ფაქტები და ნუ მოახდენენ საკითხის პოლიტიზებას.

საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა თანამშრომლობისთვის და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება თუ საჩივარი განხილული იქნება კანონის შესაბამისად.