საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამ წუთებში სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადეში დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემების აღდგენას ეწინააღმდეგებიან. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს სამეურვეო საბჭომ ამ გადაცემების აღდგენის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. "დღეს იმართება სამეურვეო საბჭოს სხდომა. მან არ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ უნდა აღადგინოს საეთერო ბადეში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამეურვეო საბჭომ ეს ვერ მოახერხოს და თუ ეს მოხდა, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ სამეურვეო საბჭო კვლავაც "ნაციონალური მოძრაობისგან" იმართება", - აცხადებენ აქციის მონაწლეები.

მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით "ზონდერჟურნალისტებო, დატოვეთ საზმაუ" და სხვ. აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან იმართება. მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესასვლელში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.