ევროკავშირის მონიტორები დიცში ვითარებას გაეცნენ

ევროკავშირის მონიტორები დიცში ვითარებას გაეცნენ

რუსი მესაზღვრეების მიერ ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მცდელობა სოფელ დიცში შეჩერებულია. დიცში, სასაფლაოების მიმდებარედ, იქ სადაც, რამდენიმე დღის წინ რუსი ჯარისკაცები ბოძების ჩასმას და სოფლის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევას გეგმავდნენ, ამ დროისთვის ქართული პოლიციის პოსტია გახსნილი. 

"ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გეგმიურ მონიტორინგს ადგილზე შეესწრო. მონიტორები ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და სოფელი დატოვეს. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში, "ინტერპრესნიუსის" გადამღებმა ჯგუფმა სოფლის მკვიდრის ილია ბერუაშვილის ვაშლის ბაღის ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების გადმოსვლა დააფიქსირა, რომლებიც ქართულ პოსტს ჭოგრიტით აკვირდებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი" ადგილობრივ მკვიდრს ილია ბერუაშვილს ესაუბრა, რომელსაც ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა რობერტ გაზაევმა რამდენიმე დღის წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბერუაშვილმა რუსი მესაზღვრეების მიერ ბოძების ჩასმა და სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალი გზების გადაკეტვის მცდელობა გააპროტესტა. ილია ბერუაშვილის თქმით, პირველად საოკუპაციო ხაზის გადმოწევა რუსმა მესაზღვრეებმა მაისის ბოლოს დაიწყეს, თუმცა სამ თვეში პროცესი შეჩერდა, სამი დღის წინ კი ისინი გამოჩნდნენ და სასაფლაოსთან გააგრძელეს მუშაობა. ბერუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი, მან მესაზღვრეების გამოჩენისთანავე აცნობა მედიის წარმომადგენლებს.

"გუშინწინ მესაზღვრეებმა სამუშაოები შეწყვიტეს და ბოძების ალაგება დაიწყეს, რომლებიც ორი ავტომობილით გაიტანეს. საოკუპაციო ხაზის გადმოწევას რუსი მესაზღვრეები, ვშიშობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავაც გააგრძელებენ ", - განაცხადა ილია ბერუაშვილმა.

ამასთან, დიცის მკვიდრს გარკვეული შენიშვნები აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

"ისინი მოდიან და ავტომობილებს ქართულ პოსტთან აჩერებენ და მერე ფეხით შედიან მინდვრებში და ათვალიერებენ. კარგი იქნებოდა თუკი უფრო მიუახლოვდებოდნენ მესაზღვრეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომობილებით", - განაცხადა ილია ბერუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი" დიცში განვითარებულ მოვლენებზე ფოტო და ვიდეო რეპორტაჟს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.