პარლამენტმა პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პრემიერის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა პირველი მოსმენით - 112 ხმით, ერთხმად მიიღო. საკანონსტიტუციო პროექტს მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა. 

კენჭისყრის წინ სპეციალური განცხადება უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ წარმოდგენილი საკითხი მთავრობასთან მიმართებაში პარლამენტის როლის გაძლიერებას უწყობს ხელს და მომავალშიც უმცირესობა მზად არის, ყველა ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭიროს მხარი. განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არც ერთი პარტიის დოკუმენტი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით ის საკანონსტიტუციო ინიციატივა მიიღო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი რიგი კონსტიტუციური ნორმების შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მიღებული პროექტით, პრემიერ-მინისტრისათვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". ამასთან, ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა, უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება.

აღნიშნული პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლსაც ეხება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც კონსტიტუციაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ იარსებებდა.