საქართველოს პროკურატურა ლაკაევის რუსეთში ექსტრადიციაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს პროკურატურა ლაკაევის რუსეთში ექსტრადიციაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა იუსუფ ლაკაევის რუსეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, ლაკაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროკურატურაში რუსეთიდან არანაირი დოკუმენტები არ შესულა.

რუსულ გამოცემა "იზვესტიაში" დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურა მზად არის განიხილოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევის ექსტრადირების თაობაზე, რომელიც სოხუმში მოკლული რუსი დეპუტატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ამასთან, "იზვესტიას" ცნობით, ლაკაევის ნათესავები უახლოეს დღეებში ჩამოვლენ საქართველოში. ამის შესახებ რუსულ გამოცემას ლაკაევის ადვოკატმა მამუკა ზოიძემ განუცხადა. ადვოკატის თქმით, დაკავებულის ნათესავები ბათუმში, ნოემბერში გასამართ სასამართლო პროცესზე დასაწრებად ჩამოდიან.

რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი ქართველი მეგობრები ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავა.

დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად ლაკაევი. ბათუმის სასამართლომ იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნდარიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, იუსუფ ლაკაევი 9 სექტემბერში, სოხუმში, რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.