მსოფლიო ბანკი ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს

მსოფლიო ბანკი ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს

მსოფლიო ბანკი საქართველოში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დღეს მსოფლიო ბანკის საქართველოში მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელს, ჟან-ფრანსუა მარტოს, მუსტაფა ბენმაამარს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა და სამომავლო თანამშრომლობის დეტალების საბოლოო შეთანხმება წარმოადგენდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან გზების უსაფრთხოების თვალსაზრისით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

"უსაფრთხოება გზებზე - განსაკუთრებით საყურადღებო საკითხია, ამდენად, ჩვენ, სხვა უწყებებთან ერთად, შევიმუშავებთ შესაბამის დოკუმენტს, რომელსაც მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე განცხადებით, ვინაიდან სატრანსპორტო საკითხები რამდენიმე უწყებას შორის არის განაწილებული, სფეროსთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების შეჯერება პრემიერის ქვემდებარე უწყებათშორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის კომისიაში მოხდება.

"დღეს ჩვენ შევათანხმეთ მეოთხე სასესხო ხელშეკრულების ძირითადი დეტალები, რაც ამ ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს, იმ პროექტების მონახულება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე დავაფინანსეთ," - განაცხადა ჟან-ფრანსუა მარტომ.

შოთა მურღულიას თქმით კი, მათთვის მნიშვნელოვანია ყველა პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. მათი, ისევე როგორც სხვა პროექტების, ხარისხიანი მიმდინარეობა სამინისტროს ყოველკვირეული კონტროლის ქვეშაა.

მისივე განცხადებით, მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ძალზე აქტუალური, ავტობანის რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა და გონიოს ახალი ხიდის მშენებლობა.