ქართული ღვინო მოსკოვში, იტალიური და ფრანგული ღვინის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადია

ქართული ღვინო მოსკოვში, იტალიური და ფრანგული ღვინის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადია

ქართული ღვინო, მოსკოვში მოთხოვნის კუთხით, იტალიური და ფრანგული ღვინის შემდეგ, მესამეა. ამის შესახებ საქართველოში მყოფმა "როსპოტრებნადზორთან" არსებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი კატუკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ის საქართველოში ორშაბათიდან იმყოფება და დღეს რუსეთში "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტების მესამე ჯგუფთან ერთად მიემგზავრება.

როგორც კატუკოვი ამბობს, რუსი სპეციალისტების მესამე ჯგუფი ქართული ღვინის ხარისხით "სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩა."

"ჩემი ინფორმაციით, "როსპოტრებნადზორის" ჯგუფსაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩა. სასიამოვნოდ გაოცებული ვართ, რამდენი რამის გაკეთება შეძლეს ქართულმა საწარმოებმა მოკლე პერიოდში", - განაცხადა კატუკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთში ხარისხიანი ქართული ღვინო მოთხოვნადია და ამაში ისინი მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კიდევ უფრო დარწმუნდნენ.

"მთელ რუსეთზე ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ ყველგან არ შესულა ქართული ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ მოსკოვში და მის შემოგარენში ქართული ღვინო მოთხოვნადია", - განაცხადა კატუკოვმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარია მოხდეს ხარისხის შენარჩუნება, რადგან, არის სახიფათო სიგნალები, რომ ძირითადად ხარისხიან პროდუქციას შორის შესაძლოა, აღმოჩნდეს უხარისხო სასმელიც.

"მე არ მინდა ეს კომპანიები დავასახელო და არ მინდა კოლეგები გავანაწყენო, მაგრამ "როსპოტრებნადზორის" მოთხოვნა, იყოს მაღალი ხარისხი, ყველა საწარმოს ერთნაირად ეხება. პროდუქციის ხარისხი საწარმოს მფლობელის სინდისზეა. არ მინდა განმეორდეს ის სიტუაცია, რაც მოლდოვურ ღვინოს შეექმნა, როდესაც არაერთი გაფრთხილების შემდეგ, "როსპოტრებნადზორი" იძულებული გახდა მოლდოვური ღვინის შეტანა შეეჩერებინა. მე არ მინდა საქართველოსთან მიმართებაშიც ანალოგიური მოხდეს, თუმცა, ვფქირობ, საქმე აქამდე არ მივა, რადგან საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ქართველი მეწარმეები ხარისხს სერიოზულად უდგებიან", - განაცხადა კატუკოვმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საწარმოს პროდუქცია ხარისხს არ დააკმაყოფილებს, მათ პროდუქციას უკან დააბრუნებენ.

რუსი სპეციალისტის განცხადებით, ქართული ალკოჰოლური სასმელების რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხს "როსპოტრებნადზორი" და მთლიანად რუსეთის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ამის დასტურია ის, რომ საქართველოში "როსპოტრებნადზორის" ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები გამოგზავნეს ქართული საწარმობის შესამოწმებლად.