მეთიუ ბრაიზა:  საქართველოს მთავრობამ, მმართველობის დასაწყისში საკუთარი პოზიციები დააზიანა

მეთიუ ბრაიზა: საქართველოს მთავრობამ, მმართველობის დასაწყისში საკუთარი პოზიციები დააზიანა

ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მმართველობის დასაწყისში საკუთარი პოზიციები დააზიანა, როცა შექმნა პოლიტიკური დაპატიმრებების შთაბეჭდილება.

ამის შესახებ ბრაიზამ "ამერიკის ხმის" ვაშინგტონის ბიუროს მიერ სპეციალურად "იმედისთვის" ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შიდაპოლიტიკაზე ისეთ ყურადღებას ვეღარ ვამახვილებ, მაგრამ, როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ის ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოზიციები დააზიანა მმართველობის დასაწყისში, როცა შექმნა პოლიტიკური დაპატიმრებების შთაბეჭდილება. საქართველოში მეგობრებთან საუბრებში ხშირად მესმის, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დანაშაული ნამდვილად იყო ჩადენილი. ძალიან კარგი - მაშინ ჩაატარეთ გამოძიება", - განაცხადა ბრაიზამ.
მისივე განმარტებით, ვაშინგტონში იციან რაც ხდება საქართველოში.

"ვაშინგტონში ვიცით რა ხდება, თუმცა ხალხს ჰგონია, რომ საქართველოში დემოკრატია არ ვითარდება სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების გამო. მე არ მგონია, რომ ისინი პოლიტიკური დაპატიმრებებია", - აღნიშნა ბრაიზამ.