ბაჩო ახალაია:  ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, გამამტყუნებელი განაჩენი მე არაფერს დამაკლებს

ბაჩო ახალაია: ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, გამამტყუნებელი განაჩენი მე არაფერს დამაკლებს

"მინდა ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მე არაფერს დამაკლებს", -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია facebook-ის ვებგვერდზე წერს. 

ბაჩო ახალაიას განცხადებას, რომელიც facebook-ზე გამოქვეყნდა, "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო ათი თვეა გრძელდება პროკურატურის მიერ დადგმული ტრაგიკომედია ჩემთან დაკავშირებით. მათ ძალა არ დაიშურეს, გამოიყენეს ყველა აკრძალული მეთოდი, მათ შორის ადამიანების დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, ჩვენებების ფალსიფიცირება, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ მე ვიყავი კრიმინალი. როგორც მოსალოდნელი იყო ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდა, ვინაიდან, ემყარებოდა ტყუილს და სიცრუეს. დღეს პროკურატურას შემორჩა ერთადერთი ბრალდება, სადაც 6 კრიმინალური ავტორიტეტი ბრალს მდებს მათთვის პრივილეგიების, ციხის მართვის სადავეების ჩამორთმევაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც 2005 წლამდე მართავდნენ არა მხოლოდ ციხეებს, არამედ, მთელს ორგანიზებულ დანაშაულს ქვეყანაში. აქაც უსუსურ პროკურატურას არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ კბილაშვილს პროკურორი გადაემალა და ამით როგორმე გაეხანგრძლივებინა ჩემი პატიმრობა. მე საქართველოში დავბრუნდი, რათა საზოგადოებაში არსებულ კითხვებისთვის გამეცა პასუხი. ერთი, რამ ცხადია, პროკურატურას ჩემი პასუხების ეშინია. ეს საქმე არ არის ჩემს წინააღმდეგ, ეს არის კანონიერი ქურდების რევანშის მცდელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, აქ გამამტყუნებელი განაჩენი, მე არაფერს დამაკლებს, მე მაინც თვალს გავუსწორებ თანამოქალაქეებს, რადგან წვლილი შევიტანე ორგანიზებული დანაშაულის განეიტრალებაში. მე ვწუხვარ, რომ ეს იქნება სახელმწიფოს მარცხი დანაშაულის წინაშე და შეიძლება ეს გახდეს შეუქცევადი პროცესი. ხელისუფლებამ კი ამ ყველაფრით დაადასტურა, რომ მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ იმართება შურისძიების სურვილით და ბოღმით",-ნათქვამია განცხადებაში.