„თქვენ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებთ“- ბედუკაძე არასამათავრობოებს მიმართავს

„თქვენ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებთ“- ბედუკაძე არასამათავრობოებს მიმართავს

ციხის სკანდალური კადრების ავტორს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კითხვები აქვს. საუბარი შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას , სადაც აღნიშნულია: " მიგვაჩნია, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება და პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციას, რომელიც ადგენს ხელმომწერი სახელმწიფოების ვალდებულებას დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით უზრუნველყონ მისი დასჯა შესაბამისი სასჯელით."

ლადო ბედუკაძის განცხადებით მას აქვს კითხვები ამ ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. მაგალითისთვის, „რატომ ხდება,რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურების დროს თავს იჩენს ასეთი სახის მიზანმიმართული განცხადებები მათი მხრიდან?“

"რატომ ხდება,რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ე.წ. ციხის კადრების გამოძიების პროცესში რაიმე სახით ჩართულობასა და მონაწილეობის მიღებაზე? რატომ ხდება ,რომ აღნიშნული ორგაზაციები არ იცნობენ რა საქმის მასალებს, აკეთებენ მკვეთრ და უპასუხისმგებლო განცხადებებს გამოძიების პროცესის შესახებ ? რატომ ხდება, რომ აღნიშნული ორგანიზაციები დუმან მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი, ფაქტიურად ერთპიროვნულად ცვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას ( 2011 წლის 17 ივნისს,როდესაც საქ.სსსკ. 218-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან იკვეცება ტერმინი " ბრალდებული" და რჩება მხოლოდ "მსჯავრდებული" ანუ მსჯავრდებულის ( და არა ბრალდებულის) სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.) და ეს ხდება მართლაც გაურკვეველი მოსაზრებით, რომელიც თავის დროზე რეალურად ეწინააღგმდეგებოდა საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს - წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ, მისი თანამშრომლობის ხარისხის მიუხედავად. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას მართლაც არ აქვს სრული სურათი ადამიანის უფლებათა იმ სისტემური დარღვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში და ესეც გარკვეულწილად თქვენი ინერტულობის თუ პოლიტიკურ დამკვეთთა ნების არ არსებობის ბრალია და მიმდინარე გამოძიების შედეგების გაუმჭვირვლებლობაც საკუთარ თავს უნდა აბრალებდეთ . პირადად მე და ჩემი ადვოკატები გამოძიების მთელი პროცესების განმავლობაში დაჟინებით ვითხოვდით სასამართლო პროცესის გასაჯაროებას და უშედეგოდ ვითხოვდით თქვენს დახმრებას...თუნდაც დამოუკიდებლად გეწარმოებინათ ალტერნატიული გამოძიება ,როდესაც სრულიად ნათელი იყო ,რომ საქმის მასალების დაახ.600 მტკიცებულებიდან ნახევარზე მეტი სააკაშვილის რეჟიმის მთავრი პროკურორის ზოდელავასა და იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის მიერ გაყალბებული იყო...გეთანხმებით , საზოგადოება რეალურადაა დაინტერესებული მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების პირობებისა და მათი დადების მიზანშეწონილობის/აუცილებლობის შესახებ,მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის მთელი პერიოდის განმავლობაში და არა მარტო ჩემს შემთხვევაში,რაც ასე გულზე დარდად აწვებათ თქვენს პატრონებს! გეთანხმებით, შედეგების გასაჯაროება მნიშვნელოვანია არამხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელებისა და დანაშაულის შემდგომი პრევენციისთვის, არამედ საზოგადოების მიერ წარსულის გააზრებისთვის,მხოლოდ თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთა და ქულების დაწერის საუკეთესო საშუალებაა ,მაგრამ უკვე დრომოჭმული“,-ნათქვამია ლადო ბედუკაძის განცხადებაში, რომელიც მან „პირველ რადიოს“ მოაწოდა

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობოების განცხადება შემდეგი ორგანიზაციების სახელით გამოქვეყნდა: ადამიანის უფლებები სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).