საქართველოში ექსპორტის განვითარების სააგენტო შეიქმნება

საქართველოში ექსპორტის განვითარების სააგენტო შეიქმნება

მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" ბიზნესის განვითარების პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომელიც თავად გახსნა. 

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ ტექნიოლოგიებზე წვდომა ჰქონდეს.

"მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. ჩვენს სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს და მომავალი წლის გეგმებში გაწერილია, რომ შეიქმნას ექსპორტის განვითარების სააგენტო, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესზე. ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდეს მარტივი წვდომა ახალ ტექნოლოგიებზე, ესაა უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმეებს გამოცდილებას მსოფლიოში გამოჩენილი ექსპერტები გაუზიარებენ.

"მივესალმები იმას, რომ მათ მსოფლიოში გამოჩენილი ექსპერტები გაუზიარებენ გამოცდილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორ უნდა გამოიყენონ მათ მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწეევები" , - აღნიშნა მინისტრმა.