გიორგი პერტაია:  2014 წელს, შესაძლოა, ინვესტიციების ბუმი მივიღოთ

გიორგი პერტაია: 2014 წელს, შესაძლოა, ინვესტიციების ბუმი მივიღოთ

მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიაში" ბიზნესის განვითარების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური რყევები გაივლის და არჩევნები სტაბილურ გარემოში ჩატარდება, მომავალი წლის მეორე კვარტალში აღნიშნული კუთხით კიდევ უფრო უკეთეს ციფრებს ელოდებიან.

"მეორე კვარტალში გაზრდილია უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ზრდა საკმაოდ მცირეა, თუმცა მაინც სასიამოვნო. შეიძლება ვიფიქროთ, პოლიტიკური რყევების დასრულების შემდეგ - თუკი არჩევნები სტაბილურად ჩატარდება და ვგულისხმობ პრემიერის განცხადებასაც პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2014 წელს, შესაძლოა ინვესტიციების ბუმიც მივიღოთ, ასე, რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - აღნიშნა პერტაიამ სიტყვით გამოსვლისას.

რაც შეეხება, ზოგადად საინვესტიციო გარემოს, ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარის შეფასებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

"ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები, რის გამოც, პრობლემები ექმნებოდათ ინვესტორებსაც, იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობის გამო და ა.შ. მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს შანსი საქართველო გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოური ინვესტორებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკოსებიც ხელს შეგვიწყობენ", - აღნიშნა პერტაიამ.

ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ვიცე-პრემირმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
კონფერენციის მთავარ განსახილველ თემებს შორის არის საქართველოს საინვესტიციო გარემო და კაპიტალის მოზიდვის საკითხები, ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების განხილვა.

საერთაშორისო ფორუმს ბანკების, საინვესტიციო დონორის, საერთაშორისო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.