კახა კოხრეიძე:  ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი მოლოდინის რეჟიმი დასრულებულია

კახა კოხრეიძე: ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი მოლოდინის რეჟიმი დასრულებულია

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტის კახა კოხრეიძის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი მოლოდინის რეჟიმი დასრულებულია. "მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ბიზნესის მხრიდან მოლოდინის რეჟიმი აღარ არის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც კვლავ რჩება მოლოდინს რეჟიმში. ისინი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა მათთვის საზიანოა. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდება, დიდხანს მოუწევთ ლოდინი", - განუცხადა კახა კოხრეიძემ ჟურნალისტებს "ექსპო ჯორჯიაში" ბიზნესის განვითარების პირველ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. 

რაც შეეხება უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ბევრი რეფორმაა დაგეგმილი და დღევანდელი ფორუმიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ პროცესს ხელი კომპანიებმაც შეუწყონ.

"საჭიროა კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესი დაიწყოს - ძალიან პატარა, 4-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი გვაქვს და კომპანიები მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტირებით ფართო მასშტაბით განვითარებას ვერ შეძლებენ, ამისთვის აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა", - აღნიშნა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა.