აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლებით შეშფოთებულია

აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლებით შეშფოთებულია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესით ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია. სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ძალზე შეშფოთებულნი ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სოფლებთან, დიცსა და ხურვალეთთან საზღვრის აღმართვის პროცესი ინტენსიური გახდა.

საზღვარი უფრო მეტად აშორებს ოჯახებსა და მეზობლებს და შესამჩნევად უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ეკლიანი მავთულის ორივე მხარეს. ადგილობრივ მოსახლეობას ეჭრება გზა ნაკვეთებისკენ. ბავშვებს სასკოლო მეცადინეობაში ეშლებათ ხელი. შეუძლებელი ხდება სასაფლაოებზე მოხვედრა. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას ბარიერები იმ პირობების შესაბამისად, რომელთა შესრულება მან 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ითავა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოწოდება გაგრძელდება აქ, საქართველოში და საერთაშორისო სარბიელზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიისას. მივესალმებით კონფლიქტების მოგვარებისადმი საქართველოს მთავრობის მშვიდობიან მიდგომას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ აზრიან დიალოგში ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად", – აღნიშნულია განცხადებაში.