საქართველოსთვის ამ ეტაპზე პრინციპულად მიუღებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ "იტარ ტასს" განუცხადა.
"ეს პრინციპულად მიუღებელია, რადგან ჩვენთვის ეს ეგრეთ წოდებული ახალი რეალიების აღიარება იქნება. საქართველო ამაზე არ წავა. ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დაშლილა, მაგრამ ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
"იტარ ტასთან" საუბრისას რუსეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე განმარტა ქართული მხარის გადაწყვეტილება სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო.
"ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მაგრამ არ გვინდა პოლიტიკის სპორტთან დაკავშირება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები მშვიდობიანად ჩატარდეს, ექსცესების გარშე", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.