პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გუშინ, პრაღაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მორიგი, რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ აცნობა, შეხვედრის დასაწყისში მან საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა შეშფოთება გამოხატა ბოლო ხანს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დრამატულად აისახება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ არსებული ვითარების დეტალური განხილვა ნოემბრის დასაწყისში ჟენევის კონსულტაციების მორიგ შეხვედრაზე უნდა მოხდეს. აბაშიძის თქმით, საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჟენევის კონსულტაციების განსაკუთრებული მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ ამ ფორმატში ახლო მომავალში მიღწეული იქნება პოზიტიური შედეგები.
ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა იმსჯელეს ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ დიალოგის შედეგად 9 თვის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა; ქართული პროდუქცია უბრუნდება რუსულ ბაზარს; გადაიდგა ნაბიჯები სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, განხილულ იქნა რეგულარული საავიაციო მიმოსვლის საკითხები, უახლოეს მომავალში მათი მოგვარების კონტექსტში.

რუსეთის მხარის ინფორმაციით, მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პროცესი.

ამასთანავე, შეხვედრაზე ჯერ იდეების სახით, განხილულ იქნა მოსაზრებები ქართულ-რუსული დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების კონკრეტულ თემებზე.