არჩილ კბილაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა

არჩილ კბილაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მთავრი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ დაუდასტურა. 

მისი განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურორი რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა და იგი ახლა უკვე საქართველოშია. პაიჭაძის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილი მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო დონის კონფერენციაში, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ესწრებოდა.

"ეს იყო პროკურორების საერთაშორისო დონის კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. წელს კონფერენცია გაიმართა მოსკოვში. მასში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ან მათი მოადგილე. მათ შორის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან", - აღნიშნა ხათუნა პაიჭაძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, არჩილ კბილაშვილს კოლეგა პროკურორების გარდა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები არავისთან გაუმართავს.