ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი განმარტება გააკეთეს

ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი განმარტება გააკეთეს

ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძემ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის, ალექსანდრე ტუღუშის ბინით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. 

როგორც თამარ ქაროსანიძემ განმარტა, სამინისტროში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ტუღუშს ბინა უნდა მიეღო. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ დაიწყო.

"არ არსებობს არც ერთი საბუთი თავდაცვის სამინისტროში, ყოფილი მინისტრის დროს გამოცემული, რომლითაც დასტურდება, რომ ტუღუშს უნდა მიეღო ბინა ან ამ საკითხზე დაწყებული იყო მუშაობა. გარდა ამისა, ის არ არის არც ერთ მომლოდინეთა სიაში. ტუღუშის ბინაზე მუშაობა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ის ჩამოვიდა შვებულებით ამერიკიდან. ჩვენ ვთხოვეთ მას დაეწერა პატაკი ბინასთან დაკავშირებით, რათა ოფიციალურად მოწესრიგებულიყო საბუთები. 9 სექტემბერს დაწერა მან პატაკი და 10 სექტემბერს გაიმართა სხდომა, რომელზეც მისი ბინით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდა",-აცხადებს ქაროსანიძე.

მისივე თქმით, ბინების განაწილებასთან დაკავშირებით იყო სერიოზული პრობლემები, რადგან არ იყო დადგენილი ობიექტური კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გადანაწილდებოდა ბინები.

"ასეთი კრიტერიუმები დღეს უკვე არის, პირველ რიგში პრიორიტეტი ენიჭებათ დაღუპული სამხედროების ოჯახებს, შემდეგ მძიმედ დაჭრილ სამხედროებს, შემდეგ კი ბინები გადანაწილდება ნამსახურობის მიხედვით",-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ვარკეთილში მიმდინარე ბინების მშენებლობა შეჩერებული არ არის.

ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით კი, სამინისტროს დაგეგმილი აქვს არა მარტო ბინების გადაცემა დაჭრილი სამხედროებისთვის, არამედ ამ ბინების ადაპტირებაც. "ალექსანდრე ტუღუში სადაც მიიღებს ბინას, მან ეს ძალიან კარგად იცის, იცის ფართიც და ისიც, როდის უნდა მიიღოს, როდის იქნება ბინა გადასაცემ მდგომარეობაში. არამარტო ბინების გადაცემაა გათვალისწინებული, არამედ ამ ბინების ადაპტირებაც მათი ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისად. ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესია და ძალიან მოკლე ხანში ყველა ეს პიროვნება მიიღებს ბინას", -აღნიშნა კაპანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე ტუღუში გუშინ მოინახულა და წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ტუღუში, რომელმაც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, პრეზიდენტის ინფორმაციით, ავტოსადგომში ცხოვრობს.

"ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში", მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით. თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ და ღირსება?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი?! ახლა ველაპარაკე და ვთხოვე გიგი უგულავას, რომ ამ ადამიანს დაუყოვნებლივ გამოუყონ ბინა - კიდევ კარგი ეს ბერკეტები მაინც გვაქვს. ამასთან, ვავალებ და ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს, ეს კაცი დაასაქმონ. დაუყოვნებლივ, პროფესიის მიხედვით", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ ალეკო ტუღუშთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. სამინისტროში განმარტეს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

დღეს დილით ტუღუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვამ მოინახულა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს განმარტება მიუღებელი იყო და სიმართლეს არ ასახავდა.