ბოლივუდური პლაგიატის ძალა

ბოლივუდური პლაგიატის ძალა

პირველად ჰოლივუდისა და ბომბეის ამ შეჯვარებული სახელწოდებით ბომბეის კინომატოგრაფია ერთ-ერთმა ინდოელმა კინოკრიტიკოსმა 1970-იან წლებში მონათლა, რითაც მან ბოლივუდის კომერციულ-გასართობი პოლიტიკა კალიფორნიულ ჰოლივუდს ცინიკურად შეადარა, მაგრამ ეს სახოლწოდება დამკვიდრდა და ინდური კინოს სინონიმად იქცა. ინდოელი პატრიოტები სახელწოდება “ბოლივუდის“ წინააღმდეგნი არიან, ვინაიდან მათი მოსაზრებით ინდურ ფილმებს ჰოლივუდთან საერთო არაფერი აქვთ.

 

ყოველ წელიწადს ბოლივუდში დაახლოებით 250 ძირითადად გასართობი, უხარისხო, ნაჩქარევად გადაღებული კომერციული ფილმი კეთდება, რამაც ინდურ კინომატოგრაფიას, რომელიც არა მხოლოდ ბოლივუდია, მსოფლიოში სახელი გაუტეხა.

 

ბოლივუდის ფილმებს აქვთ რამდენიმე დამახასიათებელი თავისებურება: მათი უმეტესობა მიუზიკლია — ფილმის სიუჟეტში ჩართულია მუსიკალური კლიპები (ზოგჯერ ათამდე), ორ სერიად გაყოფილი ფილმი დაახლოებით ოთხი საათი გრძელდება. თუმცა ფილმების სიუჟეტები სხვადასხვაგვარია, მათში გამოიყენება ინდური კლასიკური თეატრისთვის დამახასიათებელი თემები - სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლა, ავი დედამთილი და დაჩაგრული რძალი, ღარიბ და მდიდარ, მუსლიმან და ინდუისტ გმირთა შორის სიყვარულის გამარჯვება, ადამიანის ღირსების შეურაწმყოფელი ტრადიცების გადალახვა და კასტური სისტემის ბორკლითა დამსხვრევა და სხვა...

 

ბოლივუდის პროდიუსერები მუშაობენ როგორც ინდოეთის, ასევე მთელი აზიისა და აფრიკის ფართო მასებისთვის და ქმნიან ე.წ. “კინოს მთელი ოჯახისთვის დიდიდან პატარამდე“, ამიტომ ეროტიული მომენტები, განსაკუთრებით ქალის და მამაკაცის პირზე კოცნა ფილმში ტაბუა. ამ მხრივ ოდნავ გაბედული ფილმები აზია-აფრიკის მუსლიმანი, ინდუისტი და ა.შ. მაყურებლის მკაცრ კრიტიკას აწყდება.

 

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზე არსებობს, ლამაზი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, აგრეთვე თეთრ და შავკანიან მოსახლეობაში, შესაძლოა — უნებლიე, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რითაც იგი გამუდმებით დასავლეთის კინოკრიტიკის ნოტას იმსახურებს.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ბომბეის კინომატოგრაფიის წარმატებული ნიმუშები (მაგალითად: “დევდასი“) დუბლირებულია ევროპის ბევრ ენაზე და რეგულარულად გადაიცემა დასავლეთის ტელე–კონო ეთერში.