სოფლის მეურნეობის სამინისტრო -

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - "მოსკოვში ქართველი მინისტრების საიდუმლო შეხვედრების" შესახებ ინფორმაცია არარეალურია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "მოსკოვში ქართველი მინისტრების საიდუმლო შეხვედრების" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის" მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სოფლის მეურნეობის მინისტრის ნებისმიერი ვიზიტისა და შეხვედრის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, ოფიციალური ცნობით, 8 მლნ-მდე ღვინის ბოთლი, ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები, ასევე დაბალრისკიანი პროდუქცია-დაფნა და მშრალი ხილი უკვე იყიდება.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული სასმელებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. მთავრობის ფორმირების პირველივე დღეებიდან აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზრის გახსნის საკითხზე.

გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებები - ამ ეტაპზე 8 მლნ-მდე ღვინის ბოთლი, ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები, ასევე დაბალრისკიანი პროდუქცია - დაფნა და მშრალი ხილი უკვე იყიდება რუსეთის ბაზარზე. თითოეული ამ გადაწყვეტილების შესახებ, საზოგადოება ინფორმირებული იყო საინფორმაციო საშუალებებით.

დღეს გავრცელებული ინფორმაცია კი, "მოსკოვში ქართველი მინისტრების საიდუმლო შეხვედრების" გამართვის შესახებ, რომელიც აჭარის ტელევიზის ეთერში, გადაცემაში "სამართალი ხალხისთვის" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს არ გეგმავს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრის ნებისმიერი ვიზიტისა და შეხვედრის შესახებ საზოგადოება სრულად ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.