ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ვიზიტით არ იმყოფებოდა

ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ვიზიტით არ იმყოფებოდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში არც სამუშაო და არც კერძო ვიზიტით არ იმყოფებოდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, 13 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის ვრცელი ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი "რამდენიმე კვირის წინ რუსეთში იმყოფებოდა".

"ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში არც სამუშაო და არც კერძო ვიზიტით არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბატონი არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. აჭარის მთავრობის მეთაურს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ის წარმატებული მოლაპარაკება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციამ თავის რუს კოლეგებთან 2013 წლის 6-7 აგვისტოს გამართა. მოლაპარაკების შედეგად, საქართველოსა და რუსეთს შორის განახლდა 2006 წელს შეწყვეტილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის. მოლაპარაკება მოსკოვში ჩატარდა და საქართველოს დელეგაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე ხელმძღვანელობდა. დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ მოლაპარაკების, ისე მისი წარმატებული შედეგების შესახებ განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. სათანადო ინფორმაცია თავის დროზე ასევე გავრცელდა საქართველოსა და უცხოეთის მედია-საშუალებებით. სამწუხაროდ, ბატონი არჩილ ხაბაძის მიერ უნებლიედ დაშვებული შეცდომა ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა არაპროფესიონალურად გამოიყენეს და სიცრუით გაჯერებული თეორიები ააგეს," – აღნიშნულია განცხადებაში.