ბათუმში დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი სამი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამივე მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. მისივე თქმით, პაციენტების მკურნალობა კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გრძელდება.

"საავადმყოფოში წუხელ ღამით მოყვანილ იქნა სამი პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სხვადასხვა სახის ჭრილობები. სამივე პაციენტს გაეწია დახმარება, მოხდა ჭრილობების ქირურგიულად დამუშავება. დღეისთვის სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, აგრძელებენ მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ დეპარტამენტში", - აღნიშნა მალხაზ ხალვაშმა.

მისივე თქმით, ეთიკის ნორმები რომ არ დაირღვეს, საავადმყოფო პაციენტების ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ გასცემს.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით კი, ხელის არეში დაჭრილია სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი. სავარაუდო თავდამსხმელს ბარძაყის არეში და ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს მამაკაცს, რომელიც ინციდენტის დროს პუშკინის ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
გუშინ გვიან საღამოს, ბათუმში ინციდენტი მოხდა. მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნდარიძე ჩეჩენ მეგობართან ერთად ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც ჩეჩენმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ჩეჩენი მოქალაქის მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ საპასუხო გასროლა განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა.