სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამდასტურებელი დოკუმენტი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამდასტურებელი დოკუმენტი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება

გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, მომავალ კვირას გაერო-ს ექსპერტები გამოაქვეყნებენ დასკვნას, სადაც დადასტურებული იქნება, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ამასთან, ბან კი-მუნს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი მხარე არის დამნაშავე 21 აგვისტოს დამასკოში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში, რადგან მისივე განმარტებით, ეს არ შედიოდა გაერო-ს ინსპექტორთა მოვალეობაში.

თუმცა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამნაშავეა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

"დარწმუნებული ვარ, როცა ყველაფერი გაირკვევა, დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, ჟენევაში გრძელდება მოლაპრაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, სადაც სირიის მიერ ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ დაქვემდებარების საკითხს განიხილავენ.