პროკურატურამ მღვდელ თემურ ტაბაღუას დაკითხვისას კანონდარღვევის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება შეწყვიტა

პროკურატურამ მღვდელ თემურ ტაბაღუას დაკითხვისას კანონდარღვევის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება შეწყვიტა

სასჯელაღსრულების #10-ე დაწესებულების ყოფილი უფროსის და ამჟამად მღვდლის, თემურ ტაბაღუას (მამა ნიკოლოზი) დაკითხვისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შესაბამისად, ამ თემაზე სამსახურეობრივი შემოწმება შეწყდა.
"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული თემურ ტაბაღუას ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება; ვიდეოჩანაწერში ტაბაღუა საუბრობდა პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. კერძოდ, მისი მონათხრობით, პროკურატურის მუშაკები მისგან ითხოვდნენ ბაჩანა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდის პერიოდთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაკავებით. ტაბაღუას განცხადებით, მისი დაკითხვა გრძელდებოდა 12 საათის განმავლობაში, ერთ ოთახში, რა დროსაც იყო მშიერი, ასევე გამომძიებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცინიკურ დამოკიდებულებას სამღვდელოების მიმართ, რაც მისთვის მიუღებელი იყო. იქ არსებული მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ხელი მოეწერა ცრუ ჩვენებისათვის", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტზე, საქმის წარმოებისას თანამდებობის პირთა მხრიდან ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებთან დაკავშირებით.
"ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის გასამართლებული მსჯავრდებულების მიერ სასჯელის მოხდის პერიოდს, რა დროსაც ისინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №10-ე დაწესებულებაში, უკანონოდ იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ და განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. აღნიშნულ გარემოებათა დადგენის მიზნით, ს. გირგვლიანის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით რამდენჯერმე დაიკითხა თემურ ტაბაღუა, რომელიც იმჟამად იყო №10-ე დაწესებულების დირექტორი, სადაც სასჯელს იხდიდნენ მითითებული მსჯავრდებულები; სამსახურებრივი შემოწმებით მოპოვებული მონაცემებით, თ. ტაბაღუას ვიდეო ჩანაწერში მითითებული გარემოებები, ქ.თბილისის პროკურატურის მუშაკების მხრიდან ზეწოლის განხორციელებისა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე, არ დადასტურდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოკითხულ პირთა გარდა, აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა თავად ტაბაღუამ და განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაზვიადებულია და სცილდება რეალურ ფაქტებს.

"ტაბაღუას განმარტებით, მას გარკვეული იურიდიული საკითხები არ ესმოდა კარგად, რის გამოც მისი დაკითხვის დროს დასმული საკითხები და იქ განვითარებული მოვლენები აღიქვა ზეწოლად და უკანონობად, თუმცა შემდგომ მომხდარის გაანალიზების შედეგად რეალურად შეაფასა მომხდარი და დაასკვნა, რომ მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, დაკითხვის დროს ეჩვენებოდა, რომ არასწორად ფიქსირდებოდა მისი ჩვენება, სინამდვილეში შინაარსობრივად და აზრობრივად ჩვენება სწორად იყო ჩამოყალიბებული და 2013 წლის 13 აგვისტოს მიცემული ჩვენება სწორია და ასახავს სინამდვილეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც პროკურატურა აცხადებს, ვიდეო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით თ. ტაბაღუამ განმარტა, რომ ჩანაწერი გაკეთდა ბაჩანა ახალაიას ადვოკატების რომეო საჯაიას და გიორგი ონიანის თანდასწრებით, მათივე ოფისში.

".ტაბაღუა აღნიშნულ ადვოკატებთან მივიდა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. მათ ურჩიეს სწორედ ამ შინაარსის ვიდეომიმართვის ჩაწერა, რომელსაც გამოიყენებდნენ სასამართლოში. ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელების შესახებ თ. ტაბაღუა ინფორმირებული არ იყო და ამ საკითხზე ადვოკატებთან არ უსაუბრია.

სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ თ. ტაბაღუას ბოლო დაკითხვისას არ მიუცია წინა ჩვენებებისაგან არსებითად განსხვავებული ან არსებითად ახალი ჩვენება, არამედ წინა ჩვენებებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მისცა დაზუსტებული და დეტალური ჩვენება; მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ პროკურატურის წარმოებაში არსებული მითითებული საქმე რთული და მრავალეპიზოდიანია. დაკითხულია მრავალი პირი, მათ შორის თ. ტაბაღუა და მისი ყოფილი თანამშრომლები. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენებების მიღების დროს წარმოიშობოდა მათი გადამოწმების და დაზუსტების აუცილებლობა, თ. ტაბაღუას ბოლო დაკითხვა, მის წინა ჩვენებებსა და ასევე სხვა ჩვენებებში მითითებული გარემოებების დაზუსტებით მიზნით, საფუძვლიანი იყო და გამოძიების ინტერესებს ემსახურებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც არჩილ კბილაშვილის უწყებაში განმარტავენ, შემოწმების მასალებით დადგინდა, რომ ტაბაღუას დაკითხვა ჩატარდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

"2013 წლის 13 აგვისტოს ქ.თბილისის პროკურატურის შენობაში იგი იმყოფებოდა დაახლოებით 11 საათის განმავლობაში. მისი დაკითხვა მთლიანობაში გაგრძელდა შვიდ საათს, შუალედში გამოცხადებული იყო საათნახევრიანი შესვენება. დაკითხვის და შესვენების ხანგრძლივობამ მთლიანობაში შეადგინა რვანახევარი საათი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ დაკითხვის მომზადებას დასჭირდა გარკვეული დრო, როდესაც თ. ტაბაღუა თავად ეცნობოდა წინა დაკითხვების ოქმებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ტაბაღუას პროკურატურაში ხანგრძლივად ყოფნა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად ვერ განიხილება", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამსახურებრივი შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს დაკითხვის დროს ტაბაღუა ორჯერ მოინახულა ნაცნობმა ადვოკატმა და შესთავაზა იურიდიული დახმარება, რაც დაადასტურა თავად ტაბაღუამაც.

"იმ შემთხვევვაში, თუკი მის მიმართ ადგილი ექნებოდა ზეწოლას ან სხვა უკანონო ქმედებას, მას თავისუფლად შეეძლო აღნიშნულის შესახებ იქვე განეცხადებინა ადვოკატისათვის, რაც თ. ტაბაღუას არ გაუკეთებია და პირიქით ადვოკატს განუცხადა, რომ მისი დახმარება არ ესაჭიროებოდა, ვინაიდან ყველაფერი კარგად იყო. ადვოკატმა მხოლოდ მას მერე დატოვა თ. ტაბაღუა, რაც დარწმუნდა, რომ თ. ტაბაღუა არც შეწუხებული იყო და არც მისი რაიმე დახმარება ესაჭიროებოდა. თ. ტაბაღუას ასევე საჩივრით არ მიუმართავს ზემდგომი პროკურორისთვის არც იმ დღეს და არც შემდგომ დღეებში, რისი უფლებაც მას გააჩნდა. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით თ. ტაბაღუას ვიდეო ჩანაწერში მითითებული გარემოებები, ქ. თბილისის პროკურატურის მუშაკების მხრიდან ზეწოლის განხორციელებისა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე, არ დადასტურდა და 2013 წლის 6 სექტემბერს სამსახურებრივი შემოწმება შეწყდა", - აღნიშნულია განცხადებაში.