ბესიკ ლიპარტელიანი:  ევროპის ჩემპიონატზე ლევან ყიფიანს ნაკრების მდგომარეობა ერთხელაც არ მოუკითხავს

ბესიკ ლიპარტელიანი: ევროპის ჩემპიონატზე ლევან ყიფიანს ნაკრების მდგომარეობა ერთხელაც არ მოუკითხავს

ევროპის ჩემპიონატზე ლევან ყიფიანს ერთხელაც არ მოუკითხავს ნაკრების მდგომარეობა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ფედერაციას შედეგი არ ქონოდა. 

"ფედერაციისა და ნაკრების მიმართ იყო ზეწოლა, სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფედერაციას შედეგი არ ჰქონოდა. ჩვენ გვქონდა პასუხისმგებლობა ევროპის ჩემპიონატზე გასულ ეროვნულ და ასაკობრივი ნაკრებების წინაშე, ამიტომ თავს ვიკავებდით კომენატრების გაკეთებისგან, თუმცა დღეს დასამალი აღარაფერია. გააკეთეს ის, რასაც მინისტრიც და მიშა ახვლედიანიც რამდენიმე თვის წინ აცხადებდნენ - ასაკობრივი ნაკრებებების მწვრთნელებს კლუბები დაატოვებინეს. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დროს მინისტრს ერთხელაც არ მოუკითხავს ნაკრების მდგომარეობა, არც მოგებას მოჰყოლია რაიმე გამოხმაურება და არც წაგებას, არავინ დაინტერესებულა რა სჭირდებოდათ ბიჭებს, როგორ იყვნენ. ნაკრები 19-24 აგვისტოს თბილისსში იმყოფებოდა შეკრებაზე, თუმცა მინისტრს არც უნახავს ბიჭები, არც ერთ ვარჯიშს არ დასრებია და არც გაუცილებია", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

გარდა ამისა, ლიპარტელიანი ყიფიანს ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დავალების შეუსრულებლობაშიც დებს ბრალს.

"თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მარტის თვეში თბილისში იყო ჩამოსული ლეგენდარული კალათბურთელი, არვიდას საბონისი, რომელსაც ჰქონდა ჩამოტანილი თავის პროექტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი ამა თუ იმ ქვეყანაში. მაქსიმალურად ვეცადეთ და ისე გავაკეთეთ, რომ შემდგარიყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და არვიდას საბონისს შორის. პრემიერ-მინისტრთთან 45 წუთიან შეხვედრაზე განხილული იყო ეს პროექტი. ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ მისცა ლევან ყიფიანს დავალება და უთხრა ფედრაციასთან ერთად განეხორციელებინა ეს პროქტი, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონია ამ პროექტთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

რაც შეეხება ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, მის ჯანსაღ გარემოში ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ლიპარტელიანის მხრიდან შემდეგი განცხადება გაკეთდა: მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში ჩატარდეს. შევხვდები კლუბებს, სკოლებს და საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებსაც გავაცნობთ წესდებას და ვუზრუნველყოფთ, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან პირობებში ჩატარდეს", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.