უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე კანდიდატების რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე კანდიდატების რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

იუსტიციის სახლში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ. 

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ წიწუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იგი ჯერ დაარეგისტრირა, ხოლო შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის გამო რეგისტრაციიდან მოხსნა.

"ცესკომ ჩაიდინა სრული უკანონობა, რადგან ჯერ დამარეგისტრირა, ხოლო 6 დღის შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება და მომხსნა რეგისტრაციიდან. კონსტიტუციურად ეს არასწორია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ უწყებათაშორისი კომისია მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ზურაბ წიწუაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დაურეგისტრირებლობის საკითხსაც განიხილავენ. როგორც "საქართველოს გზის" თავმჯდომარემ თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ჯერ არ არის პრეზიდენტი, ხოლო კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს ეკრძალება ორმაგი მოქალაქეობის ქონა.

"მხოლოდ ცესკო და ორი ინსტანციის სასამართლო არ იზიარებს ჩვენს მოსაზრებას. არსად არ წერია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტობის კანდიდატობის უფლება არ აქვს. ეს ყველაფერი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს", - განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ.

სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია კი აცხადებს, რომ ცესკომ თუ მოინდომა, ერთ საათში შეუძლია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.

"მთავარია, არსებობდეს ნება და ორმაგი მოქალაქეობის მქონე კანდიდატების დარეგისტრირება პრობლემას არ წარმოადგენს", - აღნიშნა გაბუნიამ.