"უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" დამფუძნებლებმა შესაძლოა იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი შეცვალონ

იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკი კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" დამფუძნებლებმა შესაძლოა შეცვალონ. ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" დამფუძნებლებს შეხვედა. შეხვედრა თურქი ინვესტორის სურვილის შესაბამისად გაიმართა და გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრას ასევე იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკიც ესწრებოდა. 

კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრის პირველ მოადგილეს მათი კომპანიის მიერ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს, რითაც მინისტრის პირველი მოადგილე კმაყოფილი არ დარჩა. მოითხოვა გაეცნოთ კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებს სამინისტროსთვის ბიზნეს-გეგმა, თუ რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავენ საქართველოში.

"ვფიქრობდი, რომ ბატონი აზმი და მისი ჯგუფი გარკვეულ განმარტებებს გააკეთებდა იმ არაკორექტული და უსიამოვნო მოქმედებების შესახებ, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ განვითარდა. თეკინი იმპროვიზაციული მეთოდით შეეცადა ვითარების შეცვლას. ამით შეეცადა, ჩვენი ქვეყნის უმინიშვნელოვანესი ობიექტის, ბავშვთა საავადმყოფოს სრული პარალიზების გამოწვევას. ეს კიდევ უფრო უცნაურია და ბიზნეს ეთიკიდან ამოვარდნილი. მას დღემდე არ წარმოუდგენია რაიმე წარმომადგენლობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მისი, როგორც ამ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლობას", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ იაშვილის კლინიკის თურქი ხელმძღვანელი თექინ ათიკი პროფესიით ექიმი არ არის. დიმიტრი მახათაძემ ამასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ეს ფაქტი დასჯადია, რადგან კლინიკის ხელმძღვანელი პროფესიით ექიმი უნდა იყოს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას მიესალმებიან და ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი ქვეყნის პასპორტი ედება ინვესტორს ჯიბეში.

შეხვედრაზე კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აზმი ოფლუოღლუმ ისაუბრა იმაზე, რომ რელიგიას მისი პიროვნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ამ კუთხით იგი არასდროს ხელმძღვანელობდა. ასევე განმარტა, რომ კომპანია თექინ ათიკს მედიკოსთა ჯგუფით შეცვლის, რომლებიც იაშვილის კლინიკას უხელმძღვანელებენ. მანვე დასძინა, რომ პროფესიით არა ექიმის მიერ საავადმყოფოს მართვა პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ განსაზღვრული.

კომპანიის დამფუძნებელმა ადმი ოფლუ ოღლუმ სურვილი გამოთქვა, რომ სამინისტროსთან შეთანხმებით და კონსულტაციით განახორციელოს ყველა პროექტი საქართველოში. აქვს სურვილი განახორციელოს მის მიერ შეძენილ ხუთივე საავადმყოფოში ინვესტიცია და მადლობა გამოხატა მინისტრის მოადგილის მიმართ დღევანდელი შეხვედრისათვის. თუმცა, თავის მხრივ დიმიტრი მახათაძემ დასძინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიასთან მზად არის მხოლოდ ისაუბროს სამომავლო თანამშრომლობის დაწყებაზე, თუკი თურქი ინვესტორების მხრიდან მოხდება ბიზნეს-პროექტის წარმოდგენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვა.