ჯონ ქერიმ სერგეი ლავროვთან შეხვედრებს კონსტრუქციული უწოდა

ჯონ ქერიმ სერგეი ლავროვთან შეხვედრებს კონსტრუქციული უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ კონსტრუქციული უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან ჟენევაში გამართულ შეხვედრებს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას, რათა დათქვან მშვიდობის კონფერენციის თარიღი, რომელიც "ჟენევა 2"-ის სახელითაა ცნობილი.

"ლავროვთან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ნიუ იორკში წარმატების მიღება დამოკიდებული იქნება უახლოეს საათებსა და დღეებში ქიმიური იარაღის საკითხზე მიღწეულ წარმატებაზე.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, დღესვე ჟენევაში ლავროვი და ქერი სირიის საკითხის განსახილველად არაბული ლიგისა და გაერო-ს დესპანს ლახდარ ბრაჰიმის შეხვდნენ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა დამასკოს გადაწყვეტილებას – ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს.

თუმცა, სირიელი ამბოხებულები აცხადებენ, რომ ისინი არ შეაჩერებენ ბრძოლას. სირიის თავისუფალი არმიის პრეს-სპიკერის ლუ მოქდადის განცხადებით, ასადს დიდი შეიარაღება აქვს და ის ამ გადაწყვეტილებით "დროის მოგებას" ცდილობს რუსეთის დახმარებით.