ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაია "აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლის" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის – "აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლის" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის - "აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლა" ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 35 მოზარდმა ტრენინგები ისეთ თემებზე გაიარა, როგორიც არის: გენდერი და საზოგადოება, გუნდური მუშაობა, პროექტის შედგენა და მართვა, ფონდების მოძიება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, კონფლიქტების მართვა და პრევენცია, ლიდერობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ზურაბ გასიტაშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალეკო აპლაკოვი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები დაესწრნენ.

ტრენინგები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ მოზარდებში სამშვიდობო ხედვების, საზოგადოებრივი ინტეგრაციის, ლიდერული თვისებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება-განვითარებას.