საინიციატივო ჯგუფმა სააქციო საზოგადოება

საინიციატივო ჯგუფმა სააქციო საზოგადოება "ტელევიზია" დააფუძნა

სააქციო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფმა სააქციო საზოგადოება "ტელევიზია" ოფიციალურად დააფუძნა. დამფუძნებლებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დღეს საზოგადოებას "მე-9" არხის მფლობელებისდმი გაგზავნილი მიმართვის მთავარი აქცენტები გააცნეს. 

როგორც სააქციო საზოგადოების დამფუძნებლებმა განმარტეს, ტელეკომპანია "მე-9 არხის" მფლობელებს გადაეცათ ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ძირითადი საშუალებებისა და ტექნიკის ის ნუსხა, რომლის შეძენის ან იჯარით აღების სურვილი აქვს სააქციო საზოგადოებას.

"პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მას ჩვენთან სამი შეკითხვა ჰქონდა. პირველი შეკითხვა ეხებოდა იმ ჩამონათვალს, თუ რა გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ ტელევიზია დაფუძნდეს და იფუნქციონიროს; მეორე შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა მართონ აქციონერებმა ტელევიზია როგორც ბიზნესი და მესამე შეკითხვა ეხებოდა იმას, ხომ არ დააზარალებს ეს ახალი ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენს მიმართვაში, რომელიც მას გავუგზავნეთ 9 სექტემბერს, ძალიან მკაფიოდ გაგვეცა პასუხები ამ კითხვებისათვის", - განაცხადა სააქციო საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ია ანთაძემ.

მისივე თქმით, სააქციო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემთხვევაში მზად არის დაიწყოს მზადება შემდგომი ეტაპისათვის.

სააქციო საზოგადოების დამფუძნებლისა და დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, სააქციო საზოგადოება მზად არის ნებისმიერი ფორმით იმ მატერიალური ქონების მიღებისთვის, რაც ტელევიზიის შექმნისთვისაა აუცილებელი, იქნება ეს იჯარა, წილი თუ შესყიდვა.

"თუკი პრემიერის მხრიდან თანხმობა იქნება, ჩვენ დავიწყებთ შეძენის პროცედურებს, პარალელურად დავიწყებთ კონტენტზე მუშაობას, ტელევიზიის ფორმაზე მუშაობას, და რაც მთავარია, აქციების საჯარო შეთავაზებისთვის მზადებას. ჩვენ ორივე მიმართულებით მუშაობისათვის მზად ვართ და სამეთვალყურეო საბჭოც პირველ ეტაპზე სწორედ ამ ნიშნით შეირჩა, მასში არიან ორივე მიმართულებით საქმის სპეციალისტები", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მცირებიუჯეტიანმა ტელევიზიამ მოიპოვოს სარეკლამო შემოსავლები, ია ანთაძემ განაცხადა, რომ ქართულ ტელესივრცეში ამის არაერთი შემთხვევა ყოფილა და მაგალითად "მაესტრო" და "რუსთავი 2" მოიყვანა, როდესაც ისინი მაუწყებლობას იწყებდნენ, ასევე ტელეკომპანია "კავკასიაც".

"თავმდაბლობას არ გამოვიჩენთ და გეტყვით - ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ გვაქვს ისეთი იდეები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ სარეკლამო ბაზრის 5-6%-ს მოიზიდავს, არ ვამბობთ, რომ პირველივე თვეებში, მაგრამ 6-12 თვის შემდეგ", - აღნიშნა ია ანთაძემ.

სააქციო საზოგადოება "ტელევიზიის" დამფუძნებლები არიან ია ანთაძე, ცოტნე გამსახურდია და ვასილ მაღლაფერიძე. როგორც დღეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს ამ მოვალეობას მაღლაფერიძე დაახლოებით სამი თვის მანძილზე შეასრულებს, სანამ აქციების საჯარო შეთავაზება გაკეთდება. შემდეგ კი, ვასილ მაღლაფერიძე შემოქმედებითი კუთხით გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას ტელევიზიაში.

რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მისი წევრები არიან: თამაზ ავალიშვილი -მათემატიკოსი, პროგრამისტი; რამილია ალიევა - ჟურნალისტი; დავით ზილფიმიანი - ფიზიკოსი, პროფესორი; ნინო ზურიაშვილი - გამომძიებელი ჟურნალისტი, სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი; გოგი ლოლაძე - საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნატა მურვანიძე - მსახიობი; მერაბ რატიშვილი - მწერალი, ყოფილი პოლიტპატიმარი; პაატა ქურდაძე - მწერალი; მამუკა ყუფარაძე - ჟურნალიტი, "სტუდია რეს" ხელმძღვანელი.
მამუკა ყუფარაძე ასევე არჩეულია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.