ბაჩო ახალაიას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

ბაჩო ახალაიას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

არ არის გამორიცხული, პატიმრობაში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალაიასთან დაკავშირებით , პროკურატურაში ახალი ბრალი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით სხვა ეპიზოდებითაც მზადდება. 

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც ახალაიასთვის შესაძლო ბრალის დამძიმების შესაძლებლობა არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, მას არ გააჩნია ინფორმაცია, თუ რას აპირებს გამოძიება მომავალში.

"ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ ვერანაირ ინფორმაციას, რადგან არ ვიცი. არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. გამოძიება რას გააკეთებს ხვალ, ეს ნამდვილად არ არის ცნობილი, არც გამომძიებლისთვის. თუ ვინმეს რაიმე ბრალი წაეყენება, ამას გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა პაიჭაძემ.

"ინტერპრესნიუსი" ახალაიას ერთ-ერთ ადვოკატს, გოგა ონიანსაც დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის შესაძლო დამძიმებაზე ინფორმაციას არ ფლობს.
"ამას ნამდვილად არ ველოდებით, ლოგიკასთან ახლოს არ არის და თუ ვინმე ვინმეს უბრძანებს, ასეთი რამე გააკეთეთოს, ეგ სხვაა. სამართლებრივად, ამის არანაირი მოლოდინი ლოგიკაში არ ჯდება", - განაცხადა გოგა ონიანმა.

ამასთან, ის, რომ ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებში არაერთ პირს აქვს ჩვენება მიცემული, "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა დაუდასტურა.

"არის რამდენიმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომლებიც აძლევენ ჩვენებას სხვადასხვა წამებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პიროვნებების მიმართ, სადაც იმხილება ბაჩო ახალაიაც. პროკურატურას რამდენიმე საქმე აქვს გამოძიებაში, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიც დაკითხეს მათ შორის. ძირითადად საუბარი მეგის ქარდავასა და სხვებზეა, მაგრამ დაკითხულებს შორის რამდენიმე ადებს ხელს ბაჩო ახალაიასაც, რომ ის მონაწილეობდა მათ წამებაში", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ უკვე გაგზავნა სასამართლოში, საიდანაც ერთში - თავდაცვის მინისტრობის პერიოდის ეპიზოდში ახალაია გამართლდა.
ამ საქმეში მას სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებოდა ბრალად.

წამების ორგანიზებას ახალაიას კიდევ ერთ - ე.წ. 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო წამების საქმეზე ედავებიან, რომლის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე დასრულდა და განაჩენი პირველ დეკემბრამდე უნდა გამოცხადდეს.

მესამე საქმე კი, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეა. ამ საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და სავარაუდოდ მალე დაასრულებს.