მოძრაობა

მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" დაფუძნდება

მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებათათვის მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" დაფუძნდება, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა და რიდიოწამყვანმა გია კორკოტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

მათივე განმარტებით, აღნიშნული მოძრაობის შექმნის მიზანი ერისათვის იმედის განცდის აღდგენა და საზოგადოების კონსოლიდაციაა. როგორც მამუკა არეშიძემ განმარტა, ერთი წელია რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და საზოგადოებაში დღითი დღე იზრდება უარყოფითი განწყობა, იმედგაცრუება, უკმაყოფილება, გაკვირვება და გაბრაზება იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება.

"ჩვენ ახლა ვცხოვრობთ რეჟიმში, რომელსაც აღარ ჰქვია კოჰაბიტაცია. ამ რეჟიმს ჰქვია სიმბიოზი. ქართული პოლიტელიტის დიდი ნაწილი გადასარევად გრძნობს თავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თანაცხოვრება ერთად ცხოვრებამ შეცვალა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ და დასძინა, რომ საზოგადოება მოვლენების მიღმაა დარჩენილი.

მისივე თქმით, პოლიტიკური თამაშების პროცესში ქვეყანა მიტოვებულია, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს დაგროვილი.

"იმისათვის, რომ საზოგადოება არ დარჩეს გატეხილი ვარცლის წინაშე, აუცილებელია ისეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მოახერხებს სრულიად საქართველოს საზოგადოების კონსოლიდირებას", - განაცხადა მამუკა არეშიძემ და დასძინა, რომ საზოგადოებას გამოკვეთილი ლიდერი და თავმჯდომარე არ ჰყავს. მისივე თქმით, მათთან ერთად არის პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, ზაზა მამალაძე და სხვები.

ამასთან, როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა აღნიშნა, მოძრაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკუთრების უფლების დაცვა იქნება. მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი ამოცანაა, აღადგინონ სამართალი, ხელი შეუწყონ ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობის გასაჯაროებას და მუდმივი ზედამხვედველობა გაუწიონ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას.

რადიოწამყვან გიორგი კორკოტაშვილის მტკიცებით, მოძრაობა სამედიცინო-იურიდიული-საგანმანათლებლო კუთხითაც იმუშავებს. გია კორკოტაშვილი საზოგადოებაში არსებულ იმედგაცრუებაზე მიუთითებს.

"თავისივე გუნდის საპიაროდ მაინც "ოცნებას" ხომ შეეძლო სამართლიანობის აღდგენის, ან კერძო საკუთრების დაბრუნების ერთი მაგალითი მოეტანა. როდემდე შეიძლება ოცნებებში ყოფნა, მგონია ვირტუალში გვაცხოვრებენ, უკვე მართლა კოჰაბიტაცია არ არის ეს, ეს არის სიმბიოზი", - აღნიშნა გიორგი კორკოტაშვილმა.

მოძრაობის დამფუძნებლების ინფორმაციით "სამოქალაქო სოლიდარობა" მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.