C ჰეპატიტის წინააღმდეგ პროგრამა დამამთავრებელ ფაზაში შევიდა

C ჰეპატიტის წინააღმდეგ პროგრამა დამამთავრებელ ფაზაში შევიდა

C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დამამთავრებელ ფაზაში შევიდა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების შესახებ. მისივე განცხადებით, ტენდერში მონაწილე კომპანიები ვალდებულებას იღებენ, C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობისთვის, რომელთა რაოდენობა 10 000-ს შეადგენს, მედიკამენტები იგივე ფასად გაიყიდოს, რაც პატიმრების მკურნალობას სჭირდება. 

"რომ იცოდეთ რაზეა საუბარი და რამხელა გარღვევა არის, გეტყვით, რომ ამ წუთში, ერთი წამალი, ერთი ინექცია 235 დოლარი ღირს, ხოლო ტენდერის საწყისი ფასი არის 109 დოლარიდან და ქვემოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ 100 დოლარს ჩამოსცდება. ანუ დაახლოებით ორი მესამედით იკლებს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის ფასი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს არის მართლა გარღვევა იმიტომ, რომ დაახლოებით 10-15 წელია C ჰეპატიტის ძალიან სწრაფი გავრცელება დაიწყო და ახლა გადავდივართ იმ ფაზაში, რომ დაახლოებით 1-2 წელიწადში ეს იქცევა მასობრივ, ეროვნულ უბედურებად, დროზე თუ არ მივხედეთ. ეს არის არა მხოლოდ მკურნალობა ვისაც უკვე აქვს ეს დაავადება, არამედ არის ბარიერი იმისთვის, მისი გავრცელება შეჩერდეს", - განაცხადა სუბარმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითზე საბოლოო პასუხი დაახლოებით 20 დღეში იქნება ცნობილი და იმედი გამოთქვა, რომ პრეპარატის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კი აღნიშნა, რომ პროექტს ახორციელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო, ხოლო მისი უწყება კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებში უცხადებს მხარდაჭერას. "ამ შემთხვევისთვის ეს არის C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა", - განაცხადა სერგეენკომ.