ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ ხელშეკრულება უბრალო ქაღალდი იქნება

ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ ხელშეკრულება უბრალო ქაღალდი იქნება

ხელშეკრულება ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ უბრალო ქაღალდი იქნება და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილებები პირველი არ არის და ის რასაკვირველია, უკანონოა.

"პირველი არ არის ამ ტიპის გადაწყვეტილება, როცა რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს და ბუნებრივია, ეს უკანონოა. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი, შესაბამისად, ამგვარი დადგენილების მიღება უკანონოა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. დადგენილება უბრალო ქაღალდი იქნება, შესაბამისად, ეს არაფერს ნიშნავს", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობს და მათზე ამგვარი პრობლემები უშუალოდ აისახება.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ".