"ალ ქაიდას" ლიდერი თანამებრძოლებს აშშ-ზე თავდასხმებისკენ მოუწოდებს

"ალ ქაიდას" ლიდერი აიმან აზ-ზავაჰირი თანამებრძოლებს აშშ-ზე თავდასხმებისკენ მოუწოდებს, რათა აშშ-ის ეკონომიკა "სისხლისგან დაცალოს". ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. 

ინტერნეტით გავრცელებულ აუდიომიმართვაში, აზ-ზავაჰირი თანამებრძოლებს ეუბნება, რომ ასეთი თავდასხმები შეასუსტებს აშშ-ის ეკონომიკას, რადგან მათ კოლოსალური თანხების გაღება დასჭირდებათ უსაფრთხოების ზომებზე.

"ალ ქაიდას" ლიდერმა მუსლიმურ სამყაროს ასევე მოუწოდა, რომ უარი თქვან აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში შენაძენების გაკეთებისგან, რადგან მათ მიერ გადახდილი თანხით ისინი ისლამურ ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს აფინანსებენ.