ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ". ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

"დაევალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

არსებული ინფორმაციით, შეთანხმებით განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის ზოლი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის.

როგორც რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში აღნიშნეს, ზემოხსენებული ხელშეკრულების გაფორმება "ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებას და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების განხორციელებას".