ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ირინა მილორავას დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, სემეკ-ის თავმჯდომარის საკითხზე ჯერ კიდევ კონსულტაციები გრძელდება.
"ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული და კონსულტაციები გრძელდება, თუმცა შესაძლოა, სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ირინა მილორავას საკითხიც განიხილებოდეს. შეიძლება, ნებისმიერი კადრი მოიაზრებოდეს, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მუშაობს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში.
სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური დაახლოებით ორი კვირის წინ გახდა, ვინაიდან გურამ ჩალაგაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალ თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.