"იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ორივე ავტორი არასრულწლოვანია

ტელეკომპანია "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ორივე ავტორი არასრულწლოვანია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტელეკომპანია "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ორივე ზარის ავტორის ვინაობა პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა.

"ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორია მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ანდრია კ-ა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის არის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნიკოლოზ ა-ა. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა", - აცხადებენ შსს-ში.

ანალოგიური ცრუ შეტყობინება გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-შიც განხორციელდა და მისის ავტორიც დაკავებულია.

ამასთან, ცრუ შეტყობინების გამო წუხელ, დაახლოებით ერთი საათით ევაკუირებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.