ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოსაცემად საფრანგეთში დღეს მორიგი ვიზიტი შედგება

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოსაცემად საფრანგეთში დღეს მორიგი ვიზიტი შედგება

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით საფრანგეთში დღეს მორიგი ვიზიტი შედგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, საფრანგეთში, ლევილში, ,,ლევილის შატოს" მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის თბილისიდან სახელმწიფო კომისიის წევრთა დელეგაცია გაემგზავრება. კერძოდ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის, მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილის შემადგენლობით.

სამინისტროს განმარტებით, კომისიის მუშაობაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას კომისიის წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი და საფრანგეთის ,,ქართული კერას" წარმომადგენლები, ,,ლევილის შატოს" მფლობელთა შთამომავლები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტ ოთარ ზურაბიშვილთან. ასევე შეხვედრა გაიმართება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკა სირაძე - დელონესთან.

საქართველოს დელეგაცია ეწვევა ქალაქ ბერჟერაკს, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ქალაქის პრეფექტთან და ქალაქის მერთან. შეხვედრების დასასრულს დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.
დელეგაცია საფრანგეთიდან საქართველოში 16 სექტემბერს დაბრუნდება.

მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ლევილსა და თბილისში უკვე გაიმართა ,,ლევილის შატოს"" მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის ორი სხდომა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ხელმძღვანელობს.