სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს ისევ მიმართა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს ისევ მიმართა

"საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ მიმართა. განაცხადი ცესკო-ში ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა შეიტანეს. 

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევით ახალი გარემოება შეიქმნა და მას სურს გაარკვიოს, რა პოზიცია აქვს თამარ ჟვანიას მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

"ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის დანიშვნით ახალი გარემოება შეიქმნა და ლოგიკურია, რომ თავიდან გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რაც კანდიდატად რეგისტრაციისთვის არის აუცილებელი. არა მგონია, რომ ჩემი კანდიდატურის მიმართ რამე შეიცვალოს, რადგან ვიცი, რომ ჩემთან დაკავშირებით მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერტიკალის ყველაზე მაღალ დონეზე და აღარ შეიცვლება, მაგრამ ველოდები სხვა რამეს - ცესკო-ს ახალმა თავმჯდომარემ თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მსურს გავიგო, ის რამდენად პრინციპულია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, უკვე დარწმუნდა, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკურად მართულია და ახლა სურს, დაინახოს, რა ხდება ცესკო-სთან მიმართებაში.

"მნიშვნელოვანია, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე რამდენად იტყვის, რომ რაც ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მოხდა, იყო უკანონო და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო არ არსებობს და არის პოლიტიკურად მართული. ახლა მინდა ვნახო ცესკო არსებობს თუ ისიც პოლიტიკურად მართულია?", - განმარტა ზურაბიშვილმა.