უზენაესი სასამართლო ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს

უზენაესი სასამართლო ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს

უზენაესი სასამართლო განსასჯელ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს , რომელთა თქმითაც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, "საერთო სასამართლოების შესახებ"" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეებს საჭიროების შემთხვევაში და მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დაევალათ საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატებში, ან საგამოძიებო კოლეგიაში.

"დამატებით განვმარტავთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უფლებამოსილებას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მოსამართლე – მალხაზ ოქროპირაშვილი. 2013 წლის 15 მაისის მდგომარეობით, საგამოძიებო კოლეგიაში განსახილველმა საქმეებმა მკვეთრად მოიმატა – განსახილველად შემოვიდა 159 საქმე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაფიქსირებულია მხოლოდ 21. შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საგამოძიებო კოლეგიაში განისაზღვრა მოსამართლეთა შემდეგი რიგითობა: 1. გურული მალხაზი. 2. ოქროპირაშვილი მალხაზი. აღნიშნული ბრძანება ძალაშია დღეის მდგომარეობითაც.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსასჯელ ვანო მერაბიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლოს მხრიდან რაიმე ფორმით კანონდარღვევაზე საუბარი დაუსაბუთებელი და არასწორია", – აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში.