ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო 7 თვეში 5 წლამდე ასაკის 328 ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო 7 თვეში 5 წლამდე ასაკის 328 ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო 7 თვის მონაცემებით, საქართველოში 5 წლამდე ასაკის 328 ბავშვის, ხოლო დედის გარდაიცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. 
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სამშობიარო სახლებისა და პერინატალური სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 7 თვის დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკა წარმოადგინა. 

სტატისტიკური მონაცემები შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა გააცნო. მისი თქმით, ბოლო 7 თვის მონაცემებით, საქართველოში ერთ წლამდე ასაკის 292 ჩვილი, 1 წლიდან 5 წლამდე ასაკის 36 ბავშვი, ასევე დედის გარდაცვალების 14 შემთხვევა და 274 მკვდრადშობადობა დაფიქსირდა. 

მარიამ ჯაშმა სამინისტროში შემოსულ ოპერატიულ ინფორმაციასთან ერთად სამოქალაქო რეესტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რუტინულ სტატისტიკას შორის არსებული განსხვავებები წარმოადგინა, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დღემდე არსებული სტატისტიკური მონაცემების უზუსტობას უსვამს ხაზს. 

მისივე თქმით, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დაწესებულებებიდან სრულად ინფორმაციის მიწოდება ჯერ კიდევ არ ხდება. 

მისვე განმარტებით, ბოლო 7 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების მონაცემები. კერძოდ, 2012 წელს სამოქალაქო რეესტრში დაფიქსირდა ერთ წლამდე ბავშვთა გარდაცვალების 373 შემთხვევა, წელს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით მაჩვენებელი 322-მდეა შემცირებული, ხოლო სამინისტროში ოპერატიულად 292 შეტყობინება შევიდა. ასევე, შემცირებულია მკვდრადშობადობის მონაცემები გასული წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, მკვდრადშობადობა 434-დან 334-მდე შემცირდა, სამინისტროში შესული შეტყობინებით კი ეს რიცხვი 274-ია. 

მარიამ ჯაშის განცხადებით, ამასთან 2013 წლის თებერვალში სამინისტროში არსებული სავალდებულო შეტყობინების სისტემის მოწესრიგები შედეგად გაზრდილია დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი. 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით დაფიქსირდა დედის გარდაცვალების 14 შემთხვევა, რაც ორჯერ აღემატება 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედათა გარდაცვალების თითოეული შემთხვევის ეპიდემოლოგიური კვლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა. კვლევის მიხედვით, გარდაცვლილი დედების 2/3-ს არ მიუღია ორსულთა პატრონაჟი ან არ არსებობს ინფორმაცია ამ მომსახურების მიღებაზე. გარდაცვლილი დედების 72% იყო სოფლის მაცხოვრებელი, ხოლო 43% სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, 64%-ის შემთხვევაში ჩატარებული იყო საკეისრო კვეთა.