თეა წულუკიანი ბოლნისის ახალ გამგებელს შეხვდა

თეა წულუკიანი ბოლნისის ახალ გამგებელს შეხვდა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე კომისიის რამდენიმე წევრთან ერთად ბოლნისის გამგეობას ესტუმრა და იქ შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ბოლო პერიოდში ბოლნისის საკრებულოს წევრებს შორის არსებობს უთანხმოება, რომლის შესახებაც კომისიის სხდომაზე საკითხი რამდენჯერმე დაისვა. თეა წულუკიანი პირისპირ შეხვდა ახალ გამგებელს ალექსანდრა ობოლაძესა და საკრებულოს ყველა წევრს.

საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას თეა წულუკიანმა დაპირისპირებულ მხარეებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი არიან ხალხის არჩეული და უნდა ემსახურონ ბოლნისში მცხოვრებ როგორც ქართველებს, ისე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს.

მინისტრის თქმით, გაუგებრობები საზიანოა როგორც თავად ბოლნისისთვის, ისე, ზოგადად, ქვეყნისთვის.

"უწყებათაშორისი კომისია აქ ჩამოვიდა იმისათვის, რომ მოგვესმინა ადგილზე არსებული პრობლემები. ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი და ეს გახლავთ ის, რომ საკრებულოს წევრებთან საუბრის შემდეგ მე მაქვს იმედი, რომ ისინი ერთად გააგრძელებენ მუშაობას და ყოველგვარი დაპირისპირება ბოლნისში ამოწურული იქნება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, უფრო მოგვიანებით კი, თვითონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთოს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე მალხაზ ერაძესთან დაკავშირებით თუკი არსებობდა რაიმე დარღვევა, ეს სასამართლოში გაირკვევა, რასაც თავად მალხაზ ერაძეც ეთანხმება. მან რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა, რომელსაც, როგორც თავად თეა წულუკიანი აცხადებს, პირადად შეისწავლის.

უწყებათაშორისმა კომისიამ ბოლნისში ჩასვლა 9 სექტემბრის სხდომაზე გადაწყვიტა.