რამდენიმე თვის წინ ლეგენდარული ჯგუფი “Queen”-ის მედოლე როჯერ ტეილორმა ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. მისი სახელწოდებაა “Queen Extravaganza” და ითვალისწინებს ახალგაზრდა ნახევრადპროფესიული მუსიკოსებისაგან ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას. ახლადშექმნილ ჯგუფთან ერთად როჯერ ტეილორი და ბრაიან მეი მომავალი წლის მაისში მსოფლიო ტურნეში გამგზავრებას აპირებენ. კონცერტების დროს შესრულდება ჯგუფის ცნობილი კომპოზიციები და ნაჩვენები იქნება “Queen”-ის შესახებ გადაღებული დღემდე უცნობი ვიდეომასალა.
ახალი ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ტეილორს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ცოტა ხნის წინ ლონდონის ერთ-ერთ კლუბში სამოყვარულო ანსამბლის კონცერტს დაესწრო. ახალგაზრდა მუსიკოსებმა “Queen”-ის კომპოზიციები ისეთი ოსტატობით შეასრულეს, რომ როჯერ ტეილორი აღტაცებაში მოიყვანეს.
იმ პერიოდში ჟურნალ “Rolling Stone”-ს მუსიკოსმა განუცხადა, რომ სურს ნიჭიერი ახალგაზრდები შეკრიბოს და მათთან ითანამშრომლოს.
როჯერ ტეილორის აზრით, პროექტი “Queen Extravaganza” ჯგუფის სიმღერებს ახალ სულს შთაბერავს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
ტეილორმა ახალი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად სპეციალური კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მუსიკოსს შეეძლო.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ეს კონკურსი დასრულდა და “Queen”-ის წევრებმა ექვსი ახალბედა მუსიკოსი შეარჩიეს.
მომავალ წელს მეისთან და ტეილორთან ერთად მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან ვოკალისტები ჯენიფერ ესპინოზა და მარკ მარტელი, გიტარისტები ბრაიან გრეში და ტრისტან ავაკიანი, მედოლე ტაილერ უორენი და ბას-გიტარისტი ფრანსუა-ოლივიე დოიონი.
მომავალი საგასტროლო ტურნე 2012 წლის მაისში დაიწყება. მუსიკოსები თავდაპირველად რამდენიმე კონცერტს აშშ-ში ჩაატარებენ, შემდეგ კი სამი თვის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებენ.