"იმედის" შენობაში გამნაღმველების მუშაობის გამო, საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა

ტელეკომპანია "იმედის" შენობაში გამნაღმველების მუშაობის გამო, საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა , ბაია ცანავამ განუცხადა, მათ ალტერნატიული შენობა, საიდანაც სრულფასოვანი მაუწყებლობის გაგრძელებას შეძლებენ, არ გააჩნიათ.

მისივე განმარტებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ამ წუთებში თათბირობს, თუ რითი გადაიფარება საეთერო ბადე იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე "იმედში" გამნაღმველები დაასრულებენ მუშაობას.

"ჩვენთან სიტუაცია არის ზუსტად იგივე, რაც მოხდა "რუსთავი 2"-ში. მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ შეტყობინება აქვთ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. გვთხოვენ, რომ დავტოვოთ შენობა და ახლა მიმდინარეობს თანამშრომლების ევაკუაცია. ამის შემდეგ დაიწყება შენობის შემოწმება. რაც შეეხება მაუწყებლობას, "ქრონიკა" შევწყვიტეთ, ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემენ. ხელმძღვანელები ჯერ კიდევ შენობაში ვართ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რას ვიზამთ ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ბაია ცანავამ.