ვანო მერაბიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და მოითხოვეს , რომ საქმე დასავლეთ საქართველოს სასამართლოებში არ გაიმართოს. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ გურულის მიერ მიღებული "მიკერძოებული გადაწყვეტილების საფუძველზე" აქვთ ეჭვი, რომ დასავლეთ საქართველოს ყველა სასამართლო მიკერძოებული იქნება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დასავლეთ საქართველოს სასამართლოების აცილება მოითხოვა.

ადვოკატის აღნიშნულ პოზიციას პროკურორი ნათია სონღულაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთი პროცენტითაც რომ დავუშვათ იმის ალბათობა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ გურულმა გადაცდომა ჩაიდინა, არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთ საქართველოს სხვა სასამართლოების მოსამართლეებიც მიკერძოებული იქნებიან. აღნიშნულის გამო პროკურორი დაცვის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. საბოლოოდ, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არც მოსამართლე დგვარელმა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ პროკურორის განცხადება იმის აღიარებად მიიჩნია, რომ გურულმა გადაცდომა დაუშვა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროკურორს მიმართა, რომ "მისი აღიარება უკვე "ფეისბუქზე" ატვირთა, თავის გვერდზე".

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა კი ბრალდების მხარეს მიმართა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაუფლებამოსილი მოსამართლის მიერ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სტრასბურში გაასაჩივრებს და "აუცილებლად მოიგებს".

ადვოკატების ინფორმაციით, მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, არაა საგამოძიებო პალატის მოსამართლე და შესაბამისად, უფლება არ ჰქონდა ეს საჩივარი განეხილა.