ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული იყო

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიაში დღეს განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული იყო. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია " რუსთავი 2 "-ის შენობაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს და ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 

ნიკა გვარამია სამართალდამცავებს მოუწოდებს უსწრაფესად გამოვლინონ და მკაცრად დასაჯონ შეტყობინების ავტორი.

"ვაგრძელებთ მუშაობას, პრინციპში, მუშაობა არც შეგვიწყვეტია. როგორც წესი, ჩვენ ბომბები ვერ გვაჩერებენ. თუ ეს მიზანმიმართული იყო ვინმეს მიერ, მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები გამოიკვლევენ და მკაცრად დაისჯება ის ადამიანი. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცრუ შეტყობინება ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ეს არის მედიის შეფერხება და საქმიანობაში ხელისშეშლა. ასე, რომ ათმაგად უფრო მძიმეა ის გადაცდომა, რომელიც კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება უსწრაფესად გამოვლენილი და სამაგალითოდ დასჯილი, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ჩვენს მედიას ემუქრება ეს" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება სერიული ხასიათი მიიღოს. "კიდევ ერთხელ მივმართავ სამართალდამცველებს, რომ ეს ადამიანი იქნას გამოვლენილი და მკაცრად დასჯილი" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.